ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მაკრონმა ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ამჟამად არავითარი პროგრესი არ არსებობს.

როგორც BBC იუწყება, პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მოტივით განხორციელებული საკადრო წმენდის შემდგომ, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, განსხვავებულობა არსებობს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი დაიღალა ბრიუსელისადმი მუდმივი ვედრებით, მიიღონ ევროკავშირში.

მაკრონმა თქვა, რომ დროა დასრულდეს თვალთმაქცობა და თავის მოკატუნება, რომ არსებობს თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების წინ წაწევის რაიმე პერსპექტივა.

მოლაპარაკებები ფაქტობრივად მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელა და ათეულობით ათასი საჯარო მოხელე და ათასობით სამხედრო პირი, მათ შორის მაღალი რანგის გენერლები, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირების ბრალდებით, სამსახურებიდან გაათავისუფლა და დააპატიმრა.

თურქეთმა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 1987 წელს მიმართა. 2005 წელს მისი ბლოკში მიღების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მას პროგრესი არ მოჰყოლია.