ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მოსკოვმა შესაძლოა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ ახალი ფრონტი გახსნას

რუსეთს გააჩნია „სერიოზული განზრახვა“ კიდევ ერთხელ გაბატონდეს ევროპაზე, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მთავარი მომენტები:

პომპეომ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატები და რუსეთი ცივი ომის დროინდელი ხელშეკრულებიდან (მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ ხელშეკრულება) გავიდნენ.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვმა შესაძლოა ხელახლა გახსნას ფლანგი აღმოსავლეთ ევროპაში.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი ცდილობს თავიდან აიცილოს გამალებული შეიარაღება.

პოლონეთში პომპეომ განაცხადა, რომ მოსკოვის ძალისხმევები – დაყოს ევროკავშირი, ნატო და გაანადგუროს დასავლური დემოკრატიები, ნატოს გაძლიერებული მომენტით უნდა იყოს შეკავებული.

„რუსეთს აქვს სერიოზული ჩანაფიქრები ევროპაზე დომინანტობასა და მსოფლიო სცენაზე თავისი გავლენის კვლავ მოპოვებასთან დაკავშირებით“, განაცხადა პომპეომ.

„რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა; მის მიერ განხორციელებული თავდახმა უკრაინულ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე გასული წლის ნოემბერში და მისი მიმდინარე ჰიბრიდული ომები ჩვენსა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, პირდაპირი გამოწვევებია ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ცხოვრების წესისათვის“.

მაიკ პომპეომ აღნიშნული განცხადება NATO-ს მოწინავე პოზიციაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში, რუსეთის პროვინცია კალინინგრადის – ტერიტორია, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის არის გაჩხერილი – საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში გააკეთა.

უკრაინაში რუსეთის აქტიური ჩართულობის ფონზე, შეერთებული შტატები და სხვები სერიოზულად მიიჩნევენ იმის შესაძლებლობას, რომ მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ ახალი ფრონტის გახსნას, განაცხადა პომპეომ.

მან დასძინა, რომ აღნიშნულმა საფრთხემ ხაზი გაუსვა NATO-ს შეუნაცვლებელ ბუნებას, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ბოლო 70 წლის განმავლობაში. თუმცა, ალიანსი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, რომელმაც უფლებამოსილების შედგომისთანავე განაცხადა, რომ ნატო დრომოჭმული ორგანიზაცია იყო და მის ზოგიერთ წევრ ქვეყანას  თავიანთი თავის დაცვისთვის სათანადო თანხების გაღება არ სურდათ და მთავარი ტვირთი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა, რაც ტრამპის თქმით, არასამართლიანი იყო.

მოგვიანებით ტრამპმა აზრი შეიცვალა და ალიანსის მნიშვნელობაზე არაერთხელ გააკეთა ხაზგასმა. ამის დასტური იყო ისიც, რაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ვარშავაში ასეულობით პოლონელ და ამერიკელ სამხედროს უთხრა: „ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად ჩვენი ალიანსის და ყოველივე იმის დასაცავად, რაც კი რამ ძვირფასი გაგვაჩნია“.

NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი რუსული რაკეტების შეკავების გზებს განიხილავდა, თუმცა გამალებული შეიარაღების გაღვივების გარეშე.

მან რაკეტებს ევროპისთვის „სერიოზული რისკი“ უწოდა.

დასავლეთისთვის დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს „საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების“ ანულირება, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ხელი 1987 წელს მოაწერს.

დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ გზებს, თუ როგორ უპასუხონ კოლექტიურად აღნიშნულს, რასაც ისინი ხელშეკრულების რუსული მხარის მიერ დარღვევად აფასებენ.

„საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება“ კრძალავს 500-დან 5,5000 კილომეტრზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტების სახმელეთო სივრცეში განლაგებას და გამოცდას.

NATO-ს ევროპული მოკავშირეები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ პაქტი კონტინენტური უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად, NATO-მ საჯაროდ დაუჭირა მხარი აშშ-ის პოზიციას მას შემდეგ, რაც პომპეომ გამოაცხადა ვაშინგტონის განზრახვა, დაეტოვებინა ეს ხელშეკრულება.

NATO-ს შტაბბინაში საუბრისას, სადაც თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ რა უნდა გააკეთონ, თუკი ეს ხელშეკრულება მიტოვებული იქნება, სტოლტენბერგმა განაცხადა: „ეს ძალიან სერიოზულია… ჩვენ დროს მოვითხოვთ“.

„ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი, ის აწონილ-დაწონილი იქნება და ის თავდაცვითი იქნება, რადგანაც ჩვენ არ გვინდა ახალი გამალებული შეიარაღება. და ჩვენ არ გვაქვს რაიმე განზრახვა განვალაგოთ ახალი ხმელეთზე ბაზირებული ბირთვული შეიარაღების სისტემა ევროპაში“.

მოგვიანებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შანაჰანის გვერდით გაკეთებული განცხადებისას სტოლტენბერგმა თქვა: „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც არ იარსებებს ეს ხელშეკრულება და იქნება უფრო მეტი რუსული რაკეტა“.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს   ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განლაგების გეგმა. მათ აღნიშნეს, რომ მხოლოდ არაბირთვული არჩევანი განიხილება და ეს გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში არ იქნება მიღებული.

შანაჰანმა, რომელიც პირველად ესწრება NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება მის კოლეგებთან ალიანსის მომავალზე საუბარს.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ მეტი ჩვენი ხედვების შესახებ და იმაზე, თუ რას შეიძლება მივაღწიოთ მსოფლიოში, რომელსაც აგრერიგად ბევრი ცვალებადი საფრთხე გააჩნია“, განაცხადა მან.

NATO-ს მოკავშირეებს მცირე ინფორმაცია გააჩნიათ შანაჰანის შეხედულებების შესახებ, მაშინ როცა ისინი თავდაჯერებულები იყვნენ ჯეიმს მატისთან, რომელიც ალიანსის მედგარი მხარდამჭერი იყო და რომელმაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის თაობაზე პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოების გამო პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

guardian.ge