აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანთან ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მას შემდეგ რაც ორშაბათ საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც მისი თქმით, „ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას“, განაცხადა, რომ ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“.

პომპეომ აღნიშნა, რომ 2015 წელს ირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება დაფუძნებული იყო ტყუილზე და არა კეთილმოსურნეობაზე.

მან განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული 55 000 გვერდიანი დოკუმენტი აჩვენებს, რომ ირანმა მოატყუა მსოფლიო მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბირთვულ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებაზე განაცხადა უარი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ნეთანიაჰუს „ხალხის გასულელებაში“ „თვითერის“ მეშვეობით დასდო ბრალი.

თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან ინგლისურ ენაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აჩვენა, მისი სიტყვებით, საიდუმლო დოკუმენტების „ზუსტი ასლები“, რომლებიც თეირანში ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა.

„ეს ფაილები საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ირანი უტიფრად ტყუოდა, როცა ის აცხადებდა, რომ არასოდეს ჰქონდა ბირთვული იარაღის პროგრამა“, თქვა მან.

ნეთანიაჰუს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან.

„როიტერსის“ ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ამერიკა აღნიშნულ შეთანხმებაში და თუკი მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ განცხადებებს, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან თეთრ სახლში შეხვედრისას გაკეთებულ კომენტარებს დავეყრდნობით, დიდი ალბათობით იგი დატოვებს შეთანხმებას და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს მის ევროპელ მოკავშირეებსაც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

შეერთებული შტატბეის მოკავშირე დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც სხვა ევროპული მოთამაშეები, ეწინააღმდეგებიან ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას.

სალეჰიმ გააფრთხილა ტრამპი არ აიღოს შეთანხმებიდან გამოსვლის კურსი. „ირანი არ იტყუება… ტექნიკურად ჩვენ სრულად ვართ მომზადებული გავამდიდროთ ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ჩვენ მას ვაწარმოებდით შეთანხმების მიღწევამდე… ვიმედოვნებ, ტრამპი მოუხმობს გონებას და დარჩება შეთანხმებაში“, განაცხადა სალეჰიმ.

GUARDIAN.GE