მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ირანზე „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე.

ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ  ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

მან აღნიშნა, რომ მჭიდროდ იმუშავებს პენტაგონთან და რეგიონულ მოკავშირეებთან იმისათვის, რომ „შეაკავოს ნებისმიერი ირანული აგრესია“.

სახელმწიფო მდივნის რანგში, თავის საგარეო პოლიტიკის მთავარ სიტყვაში,  პომპეომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეკავების თაობაზე ტრამპის ადმინისტრაციის „გეგმა ბ“ გაამჟღავნა.

მან 12 პირობა წამოაყენა, რომელიც ვაშინგტონის თეირანთან ნებისმიერი „ახალი შეთანხმების“ დადებისას უნდა იყოს გათვალისწინებული და მათ შორისაა, ირანის მიერ თავისი სამხედრო ძალების გამოყვანა სირიიდან და იემენში მებრძოლთა მხარდაჭერის დასრულება.

ამერიკის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სანქციებზე უარს მხოლოდ მაშინ იტყვიან, როცა ვაშინგტონი ირანის პოლიტიკაში რეალურ ცვლილებებს შეხედავს.

„ჩვენ გამოვიყენებთ უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას ირანის რეჟიმზე“, აღნიშნა მან.

„ლიდერებს თეირანში არ ექნებათ რაიმე ეჭვები ჩვენი სერიოზულობის შესახებ“.

„ირანს არასოდეს ექნება კარტბლანში კვლავ იყოს დომინანტი ახლო აღმოსავლეთში“.

მაისის დასაწყისში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალმხრივად გამოვიდა ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას მიერ 2015 წელს დაიდო და თეირანის მხრიდან ითვალისწინებდა ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე უარის თქმას ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და მასში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გარდა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც იყვნენ ჩართულნი – ევროპის აღნიშნული სამეული კი, ისევე როგორც შეთანხმების სხვა აქტორები, ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავაც აპირებენ აღნიშნულ შეთანხმებაში დარჩენას.

guardian.ge