მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკ პენსმა და ერდოღანმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას 5 დღით შეწყვეტს

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს. ყველა სახის საბრძოლო მოქმედება 5 დღით შეჩერდება და პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთული ძალების ხელმძღვანელობით მებრძოლ ჯარებს იმ ზონიდან გაყვანაში დაეხმარება, რასაც თურქეთი საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხო ზონას“ უწოდებს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია დანებდებიან თუ არა სრულად ქურთი მებრძოლები.

ანკარაში განცხადების გაკეთებისას პენსმა, რომელსაც გვერდით სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ედგა, დონალდ ტრამპის „ძლიერ ხელმძღვანელობას“ გაუსვა ხაზი და თქვა: „მას უნდოდა ცეცხლის შეწყვეტა. მას უნდოდა ძალადობის შეჩერება“.

ერდოღანისა და პენსის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, რომ არ ყოფილიყო „მაგარი ბიჭი და სულელი“, ხოლო ხუთშაბათს, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მან თქვა, რომ ერდოღანმა „მართებული ნაბიჯი გადადგა“.

guardian.ge