მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი დაასრულა

მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის მარათონი დაასრულა მას შემდეგ, რაც სუპერ სამშაბათს სავალალო შედეგები აჩვენა.

„სამი თვის წინ მე მარათონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ჩავები. დღეს, მე ვტოვებ ამ მარათონს იმავე მიზეზით“, განაცხადა ბლუმბერგმა.

მან აღნიშნა, რომ იგი ახლა მხარს ყოფილ ვიც-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუჭერს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხება იწყება იმ კანდიდატის გარშემო გაერთიანებით, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს ამის. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ ნათელია, რომ ეს კანდიდატი ჩემი მეგობარი და დიდი ამერიკელი, ჯო ბაიდენია“, ნათქვამია ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა სუპერ სამშაბათის პრაიმერში 14 შტატიდან 9-ში გაიმარჯვა, რაც მისი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის გზაზე უდიდესი წარმატებაა.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გამარჯვებები მოიპოვა მასაჩუსეტში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, არკანზასში, ალაბამაში, ტეხასში, ტენესიში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში, მაგრამ როგორც BBC აღნიშნავს, ვერმონტელმა სენატორმა, მემარცხენე ბერნი სანდერსმა წინასწარი მონაცემებით, სუპერ სამშაბათის ყველაზე დიდი პრიზი – კალიფორნიაში გამარჯვება და ასევე სამ სხვადასხვა შტატში წარმატებაც მოიპოვა, თუმცა არსებითია ვირჯინიის და ჩრდილო კაროლინის შტატები, რადგან ისინი არიან მთავარი მოგების განმაპირობებელი შტატები 2020 წლის არჩევნებში.

წინასწარი მონაცემებით, ბაიდენმა ვირჯინიაში დაახლოებით 53% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა სანდერსმა კი 23%. ეგზიტ პოლის მონაცემები აჩვენებს, რომ ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას ორი ვადის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აფრო-ამერიკელების ხმების უდიდესი პროცენტი მიიღო.

სანდერსი კალიფორნიის ლიბერალური მონსტრის ხმების მოპოვებით, როგორც აშშ-ის მედია წერს, დელეგატების ლომის წილს მიიღებს- 415 დელეგატს, რომელსაც „ოქროს შტატი“ აგზავნის პარტიის ყრილობაზე.

BBC-ის ცნობით, სუპერ სამშაბათი 1 300-ზე მეტ დელეგატს ანიჭებს კანდიდატებს, საბოლოოდ კი 1991 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო ივლისში, „დემოკრატიული პარტიის“ საბოლოო საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად, რომელიც თეთრი სახლისათვის მოქმედი პრეზიდენტის, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მემარცხენე ფრთის დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა კოლორადოსა და იუტას გარდა, ასევე თავის მშობლიურ შტატში, ვერმონტშიც გაიმარჯვა.

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო დელეგატების (05:00 GMT) რაოდენობა:

ჯო ბაიდენი     –    396

ბერნი სანდერსი  –   314

მაიკლ ბლუმბერგი – 31

ელიზაბეთ უორენი – 19

ტულსი გაბარდი    – 1

 

ვინ არიან ყველაზე მეტად წაგებულნი? 

სენატორმა ელიზაბეთ უორენმა, ერთ დროს საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონში მოწინავე ადგილზე მყოფმა, ჯო ბაიდენთან დამამცირებელი დამარცხება იგემა თავის მშობლიურ შტატ მასაჩუსეტში, მაგრამ სუპერ სამშაბათის ღამის ყველაზე უფრო მეტად წაგებული მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი გამოვიდა, რომელმაც საკუთარი ფულიდან ნახევარ მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დახარჯა თავისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის პაწაწინა ტერიტორიაზე, ამერიკულ სამოაზე შეძლო.

ნიუ იორკის ყოფილი მერი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატების ბიულეტენში სუპერ სამშაბათს პირველად იყო წარმოდგენილი, რადგან მან წინა პრაიმერებში მონაწილეობაზე უარი თქვა და 4 შტატის არჩევნებს გადაახტა. მან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ამერიკულ სამოაში შეძლო.

პრეზიდენტმა ტრამპმა მაიკლ ბლუმბერგის დამარცხების შესახებ განცხადება „თვითერზე“ გამოაქვეყნა.

„ამაღამ, ვინც ყველაზე დიდი მარცხი იწვნია, ეს მინი მაიკ ბლუმბერგია. მისმა „პოლიტიკურმა“ მრჩევლებმა იგი მარათონში ჩართეს. 700 მილიონი აშშ დოლარი ქარს გაატანა და ამისაგან არაფერი მიუღია, გარდა მეტსახელის, მინი მაიკი, და თავისი რეპუტაციის სრული განადგურებისა. დროა წახვიდე მაიკ!“ – განაცხადა ტრამპმა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ