საქართველო

მაია ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„ქართული ოცნებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ, გაგყვება თან. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს პარტიულ ინტერესებზე და დავუჭირეთ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე უდავო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით, ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება. ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს“, განაცხადა ცქიტიშვილმა.