საქართველო

მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად კონსორციუმისთვის დაფინანსების მოძიებაზე მთავრობას მითითება არ მიუცია

„მთავრობას კონსორციუმისთვის არ უთქვამს, რომ მას უნდა მოეზიდა თანხა უშუალოდ ამ ოთხი ბანკისგან. კონსორციუმის ვალდებულება იყო დამატებით მოეზიდა მის მიერვე განსაზღვრული, პირველი ფაზის მშენებლობისთის საჭირო თანხა – 520 მილიონი. მას შეეძლო საკუთარი ფული შემოეტანა პორტის მშენებლობისთვის,“- ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა ანაკლიის პორტის ასაშენებლად დაფინანსების მოძიების სხვა ალტერნატივა, გარდა იმ 4 მსხვილი ბანკისა, რომლებთანაც კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას.

„თქვენ იცით, რომ კონსორციუმში არის 4 დამფუძნებელი, მათ შორის, თანაბარ პროცენტებს ფლობს ქართველი და უცხოელი ინვესტორი. სწორედ ამერიკული კომპანია „კონტის“ დიდი სამშენებლო გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც შეძლო კონსორციუმმა ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადალახვა. შესაბამისად, პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საკუთარი დაფინანსებით, როგორც ამ კონსორციუმს, ისე სხვას,“- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი დიდი პროექტების დაფინანსებისას, სესხის აღება არის ბუნებრივი და მიღებული ფორმა და საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც კონსორციუმი სესხის გამოყოფაზე ელაპარაკება, სწორედ ის ბანკები არიან, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.

„ის, რომ კონსორციუმმა მიმართა ამ 4 ბანკს იყო ბუნებრივი, თუმცა ეს იყო მათი გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა მთავრობის მითითება. პირიქით, მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარა ამ ბანკებთან ურთიერთობაში, რაც მათ გამოხატეს სურვილი მათგან დაფინანსების მოზიდვის,“- ამბობს ვიცე-პრემიერი.