NDI-ის კითხვაზე, – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას? – 74% პასუხობს, რომ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. გადაწყვეტილება მიღებული აქვს მხოლოდ- 20%-ს. ამის მიუხედევად, ამომრჩევლის უმეტესობა, არჩევნებზე მისვლას გეგმავს.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ამბობს, რომ ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში არ ყოფილა.
„მოსახლეობის 75%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საქართველოში ჯერ არ გვინახავს. ეს შეიძლება კანდიდატების სრული სიის არარსებობას ან პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას უკავშირდებოდეს.
„თუ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში პირველ ტურში საკმაოდ დიდი სხვაობა იქნება, თუმცა მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატისა და მარგველაშვილის მაჩვენებლები პროცენტულად ახლოს იქნება“, აცხადებს ლორა ტორნტონი.
NDI-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში მოქალაქეებს მეორე ტურის შესაძლო სცენარებზეც დაესვათ კითხვა და ყველა წარმოდგენილი სცენარის შემთხვევაში, „ქართული ოცნების” კანდიდატს დაახლოებით 32 პროცენტი მისცემდა ხმას. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ კი, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 20 პროცენტი მისცემდა ხმას, დავით ბაქრაძეს – 20 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს – 11 პროცენტი, შალვა ნათელაშვილს კი – 18 პროცენტი.
ამასთან, მცირედით განსხვავებული სურათი იქმნება მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილისა და „ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში. კვლევის მიხედვით, ასეთი არჩევანის პირობებში, მოსახლეობის 26 პროცენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, 21 პროცენტი კი, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა მხარს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ 2 ათას 500-მდე რესპონდენტი გამოიკითხა დასრულებული ინტერვიუს სახით.
guardian.ge