ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლონდონში ტერორისტული თავდასხმისას დაღუპულებს პატივს მიაგებენ

პარასკევს, ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის – რომელსაც პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა – ორივე მსხვერპლი დასახელდა. ორივე კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია – ერთ-ერთი 25 წლის მამაკაცი ჯეკ მერიტია, მეორე კი 23 წლის ქალი სასკია ჯონსი.

(ფოტოზე: სასკია ჯონსი)

ლონდონის მერი მათ შორის იქნება, ვინც ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლულთა ხსოვნას დღეს პატივს მიაგებს.

მერიტი, კემბრიჯიდან, პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის – „სწავლება ერთად“ – კურსის კოორდინატორი იყო. აღნიშნულ კონფერენციას მასპინძლობდა ფიშმონგერის დარბაზი, რომელიც ლონდონის ხიდის ბოლოში, ჩრდილოეთით მდებარეობს. მერიტიც და ჯონსიც კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

(ფოტოზე: ჯეკ მერიტი თავის მეგობარ გოგოსთან, ლიანთან ერთად. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ოჯახის შექმნას)

როგორც BBC იუწყება, 28 წლის თავდამსხმელი, უსმან ხანი, რომელიც 2012 წლიდან ტერორიზმში ბრალდებით იხდიდა სასჯელს, პატიმრობისას მონაწილეობდა აღნიშნულ სქემაში და ერთ-ერთი იყო ღონისძიებაზე დამსწრეთა, მათ შორის სტუდენტებს შორის.

ჯეკ მერიტმა 2016 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით და იურისტის დიპლომით დ სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც მუშაობდა კრიმინოლოგიის დეპარტამენტში, რომელიც მართავს პროგრამას – „სწავლება ერთად“.

ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმა პარასკევს, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე, ფიშმანგერის დარბაზის შიგნით დაიწყო, ვიდრე ის ლონდონის ხიდზე გაგრძელდებოდა, სადაც ხანი პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.

უსმან ხანი, საპატიმროდან 2018 წლის დეკემბერში პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას.

ხანის პიროვნება სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. მას 2012 წელს ტერორისტული დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი.

„იგი საპატიმრო დაწესებულებიდან 2018 წლის დეკემბერში 16-წლიანი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა და მკაფიოა, რომ ახლა გამოძიების მთავარი ხაზი მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს, თუ როგორ შეძლო მან ამ თავდასხმის განხორციელება“, განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა ნეილ ბასუმ.

The Times -ის ცნობით, გასულ წელს ხანის საპატიმროდან გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი დათანხმდა ელექტრონული სამაჯურის ტარებას და მისი გადაადგილების მონიტორინგს.

ბასუმ შაბათს თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანი იმ პირობებს ასრულებდა, რაც მასზე პოლიციას ჰქონდა დაკისრებული.

კვირას, პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გადაიხედება საქმეები ტერორისტული დანაშაულისთვის გასამართლებული 74 ადამიანის, რომლებიც ვადამდე ადრე იქნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული.

ხანი (ფოტოზე) პატიმრობაში ყოფნისას ჩართული იყო პროგრამაში „სწავლება ერთად“ და იდენტიფიცირებული იყო, როგორც „უსმანი“ და მას სიტყვაც კი მისცეს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თანხის შეგროვების მიზნით გამართულ ვახშამზე.

BBC აღნიშნავს, რომ მას ასევე „უსაფრთხო“ ლეპტოპი გადასცეს, რომელიც სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების პირობებს შეესაბამებოდა, რათა საშუალება ჰქონოდა პატიმრობისას დაწყებული სწავლა განეგრძო და ამისათვის ხანი მადლიერებასაც გამოხატავდა. „ვერ გამოვხატავ იმ მადლიერებას სრულად, რასაც „სწავლება ერთად“ და ეს გუნდი იმსახურებს და არ შემიძლია არ ვუთხრა მადლობა მათ, ვინც განაგრძობს ამ შესანიშნავი საზოგადოების მხარდაჭერას“, წერდა ხანი.

ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა ბასუმ განაცხადა, რომ ოფიცრები თავდაუზოგავად მუშაობენ იმისათვის, რომ დაადგინონ ცივი იარაღით განხორციელებული მკვლელობების „სრული გარემოებები“. მისივე თქმით, პოლიციას არ გააჩნია სამხილი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ხანის გარდა თავდასხმაში ვინმე სხვა ყოფილიყო ჩართული. მან თავდასხმის დროს საგანგებო სამსახურების და საზოგადოების წევრების „მამაცობის გასაოცარი ქმედებები“ შეაქო და აღნიშნა, რომ მათ იმ პირობებში გამოიჩინეს ეს სიმამაცე, როცა ხანს „ძალიან დამაჯერებელი“, თუმცა ყალბი ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, საიმონ სტივენსის განცხადებით, სამი ადამიანი, რომელთაც თავდასხმისას დაზიანებები მიიღეს, საავადმყოფოში რჩება – მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, მესამეს კი ნაკლებად სერიოზული დაზიანებები აქვს.

guardian.ge