ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა 28 წლის უსმან ხანმა განახორციელა

მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით თავდასხმა განახორციელა, ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ყოფილი პატიმარი იყო.

როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი, საპატიმროდან პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომელსაც მამაკაცის და ქალის სიცოცხლე შეეწირა, სამმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო.

ხანი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევის ადგილზე მოკლა.

პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. ლონდონის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს, რომელიც შემთხვევის ადგილას იქნა მოკლული, ცრუ ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა.

ხანის (ფოტოზე) პიროვნება სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. მას 2012 წელს ტერორისტული დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი.

„იგი საპატიმრო დაწესებულებიდან 2018 წლის დეკემბერში სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა და მკაფიოა, რომ ახლა გამოძიების მთავარი ხაზი მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს, თუ როგორ შეძლო მან ამ თავდასხმის განხორციელება“, განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა ნეილ ბასუმ.

The Times -ის ცნობით, გასულ წელს ხანის საპატიმროდან გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი დათანხმდა ელექტრონული სამაჯურის ტარებას და მისი გადაადგილების მონიტორინგს.

პოლიციის ოფიცრები სამძებრო სამუშაოებს ატარებენ სტაფორდშირში, იმ მისამართზე, სადაც ხანი ცხოვრობდა.

„მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გამოძიების ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფებით, ამ დროისთვის აქტიურად არ ვეძებთ ვინმე სხვას, რომელსაც შესაძლოა ამ თავდასხმასთან კავშირი გააჩნდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ საგამოძიებო პროცესს ჩქარი ტემპით, რომ გარანტირებული ვიყოთ იმისაგან, რომ არავინ სხვა არ ყოფილა ჩართული ამ თავდასხმაში და რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე არ არსებობს“, განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა ნეილ ბასუმ.

თავდასხმა პარასკევს, დიდი ბრიტანეთის დროით 13:58 საათზე ლონდონის ხიდის ჩრდილოეთ ნაწილის ბოლოში, ფიშმონგერის დარბაზთან დაიწყო, სადაც პატიმრების რეაბილიტაციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის კონფერენცია ტარდებოდა, სახელწოდებით – „სწავლება ერთად“.

ლონდონის ხიდზე თავდასხმა 2017 წლის 3 ივნისსაც მოხდა, როცა 8 ადამიანი იქნა მოკლული და არაერთი სხვა დაჭრილი.

guardian.ge