ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

GUARDIAN.GE – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მან თქვა, რომ ვერ შეასრულა მანდატით მინიჭებული ის უფლებამოსილება, რომლითაც იგი აირჩიეს “ტორების” ლიდერად და აცნობა მეფეს, რომ თანამდებობას ტოვებდა.

მისი თქმით, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში დასრულდება. „მე ვიქნები პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სანამ არ აირჩევა მემკვიდრე“, – განაცხადა ტრასმა.

მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

ლიზ ტრასის თანამდებობა პოლიტიკურ კრიზისს შეეწირა, რომელიც ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება.

მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, სავალუტო ბაზარზე ფუნტი სტერლინგის ღირებულება გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით, მისი ღირებულება დაახლოებით $1.12-მდე დაბრუნდა.

ლიზ ტრასი თანამდებობაზე სულ რაღაც 45 დღეა რაც იმყოფება, ყველაზე ხანმოკლე პერიოდით, ვისაც კი ოდესმე დაუკავებია დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტი.

მეორე, ყველაზე ხანმოკლე ვადით მსახური პრემიერ-მინისტრი იყო ჯორჯ კენინგი, რომელიც 119 დღის განმავლობაში მოღვაწეობდა პრემიერის პოსტზე, ვიდრე 1827 წელს გარდაიცვლებოდა.

დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობისთვის შესაძლოა, პოსტიდან ცოტა ხნის წინათ წასულმა ბორის ჯონსონმა იბრძოლოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ გამოცემებზე – „თაიმსზე“ და „დეილი ტელეგრაფზე“ დაყრდნობით იუწყება. როგორც „თაიმსი“  წერს, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ეს „ეროვნული ინტერესის“ საქმეა.