საქართველო

ლიანა პილტოიანის დისტანციური ცხოვრება და საქმიანობა – ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან „ლევიტანის ხმის“ გაგონებას

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი დისტანციური სწავლების პერიოდში ორივე სკოლის – ხაჩკოვის და კაბურის პედკოლექტივთან ურთიერთობას ხმოვანი შეტყობინებების სახით აწარმოებს და როგორც  მასწავლებლებმა „ბიზნესკონტინენტს“ ხუმრობით უთხრეს, ისინი მძიმე გლობალური პანდემიის პერიოდში მოუთმენლად ელოდებიან „ლევიტანის ხმის“ გაგონებას.

ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დისტანციური სწავლება რთული გამოწვევა აღმოჩნდა, მაგრამ უკვე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მოექცა.

„თავდაპირველად ძალიან ძნელი იყო ეს ყოველივე. მასწავლებლებს პირველ ხანებში ესაჭიროებოდათ გარკვეული ტექნიკური დახმარება. საბედნიეროდ, ამ მხრივ სირთულეები სწრაფად გადავლახეთ. გვყავს არაჩვეულებრივი თანამშრომელი, ფიზიკის მასწავლებელი, ბატონი მაქსიმ გალსტიანი, რომელიც ამავე დროს საქმის მწარმოებელიცაა და კარგად ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. მისი დახმარებით, ჩვენმა მასწავლებლებმა ადვილად დაძლიეს ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და დღეს თამამად ვიტყოდი, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია ონლაინ სწავლების თვალსაზრისით. გაკვეთილების გარდა, არაერთი ღონისძიება გავმართეთ ონლაინ ფორმატში. მაგალითად, 9 აპრილის, 24 აპრილის – სომეხთა გენოციდის, 26 მაისის დღეებისადმი მიღძვნილი ღონისძიებები“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ლიანა პილტოიანმა.

ქალბატონი ლიანა თავადაც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და სომხურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. იგი სინანულით ამბობს, რომ ტრადიციული ფორმით სწავლება მოენატრა.

„როგორც უკვე გითხარით, დიდი ხალისით არ შევხედრივართ დისტანციურ  სწავლებას, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რათა სასწავლო წელი არ ჩავარდნილიყო და პანდემიის პირობებში უსაფრთხოება ყოფილიყო გარანტირებული. მე ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეფასების სანდოობის მომენტსაც. საკითხავია, რამდენად ვალიდური იქნება ამ პერიოდში გაკეთებული შეფასებები. საკლასო ოთახში, ცოცხალი, უშუალო სწავლება ჩემი აზრით უფრო სანდოა, რომ აღარფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამგვარი პროცესი სრულიად სხვა სიამოვნების მომტანია პედაგოგისთვის და დარწმუნებული ვარ მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავლი არ იყო და უკვე ასე თუ ისე, ყველანი მივეჩვიეთ ახალ რეალობას. ჩვენ, სლოგანი „დარჩი სახლში“ შევცვალეთ ასე – „დარჩით სახლში, რომ კიდევ ვიყოთ სკოლაში“, აცხადებს ლიანა პილტოიანი.

იგი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ მინისტრის და ასევე ექიმების და ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევას გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ყველანი ვუყურებთ თუ როგორი კარგი შედეგი გვაქვს ინფექციის მართვის კუთხით. შორს რომ არ წავიდეთ, სომხეთში ხომ ვხედავთ, რა ხდება. იქ უკვე კორონავირუსით 7 000-ზე მეტი დაავადებულია გამოვლენილი. ნამდვილად ქებას იმსახურებს ბატონი გიორგი გახარია, რომელიც ძალიან მომწონს, მთელი მთავრობა და რა თქმა, უნდა ჩვენი შესანიშნავი ექიმები, ბატონები – თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ქალბატონი მარინა ეზუგბაია და სხვები და სხვები. ამ ფონზე, მე ვფიქრობ, რომ ძალზე არასწორი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა არსენ ტოროსიანმა. ეს სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ მოგვიანებით მე მოვისმინე, რომ მან ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და ეს უკვე კარგია“, აღნიშნა ლიანა პილტოიანმა.

ხაჩკოვის საჯარო სკოლის პედკოლექტივის ახალგაზრდა თაობა, რომელთაგან არაერთი თავად ქალბატონი ლიანას აღზრდილია,  ქართულად საკმაოდ კარგად საუბრობს და ამით ქალბატონი ლიანა პილტოიანი განსაკუთრებულად ამაყობს, რადგან მას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა კარგად გააზრებული ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომაც ჩააბარა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ე.წ. უძრაობის ეპოქაში, თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, განსხვავებით უამრავი სხვა მისი თანამემამულისაგან, რომლებიც  იმ პერიოდში სწავლას ჩვეულებისამებრ ან რუსეთში ან სომხეთში განაგრძობდნენ.

„ბიზნესკონტინენტი“ ონლაინ სწავლების შესახებ ხაჩკოვის საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს გაესაუბრა. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად არსებული ტექნიკური პრობლემების გამო გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ, მაგრამ ეს უკვე გამოსწორებულია და პროცესი კარგად მიმდინარეობს.

ხაჩატურ მაზმანიანი, კაბურის სკოლის ადმინისტრატორი, ინგლისური ენის მასწავლებელი:

„პირველად რთული იყო ასეთი ფორმით ურთიერთობა მოსწავლეებთან. გვქონდა ტექნიკური პრობლემები, ზოგიერთ რამეში ვერ ვერკვეოდით და თქვენ წარმოიდგინეთ დაწყებითი კლასების ბავშვები უკეთესად ახერხებდნენ ამ ყველაფერს. პატარები უკეთ ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ დაწყებითების მოსწავლეები უფრო ყურადღებიანები და მონდომებულები არიან, ვიდრე უფროსკლასელები. 2 წუთი რომ დაგვიანდეს გაკვეთილის დაწყება, უკვე თავად რეკავენ.“.

მაქსიმ გალსტიანი, ფიზიკის მასწავლებელი, საქმის მწარმოებელი:

„გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკის მასწავლებლობის გარდა, საქმის მწარმოებელიც ვარ, შედარებით გამიადვილდა ონლაინ სწავლებაზე გადართვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეც მომიწია ბევრი სიახლის ათვისება, ჩემთვისაც ახალი იყო „თიმსის“ პროგრამა და ინსტრუქციების მიხედვით გავერკვიე ყველაფერში, შემდეგ კი ჩემს კოლეგებსაც დავეხმარე. უნდა ითქვას, რომ პირველ ხანებში პრობლემა ინტერნეტის მოწოდების მხრივ იყო, რაც უკვე გამოსწორებულია, რაც შეეხება რესურსებს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას დისტანციურ სწავლებამდეც ვიყენებდით“.

ნუნე გალუსტიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი:

 

„როგორც სხვებმაც აღნიშნეს, თავიდან მართლაც რთული იყო, ტექნიკური ხარვეზები არსებობდა, ხმაური იყო ჩართვებისას, მაგრამ ახლა გამოსწორდა სურათი, უკვე ყველანი მივეჩვიეთ. მე პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მე-9 და მე-11 კლასების გამოკლებით, ვასწავლი ინგლისურს და უნდა ვთქვა, რომ დაწყებითების მოსწავლეებთან უფრო სახალისოა მუშაობა. ისინი უფრო მოწესრიგებულები არიან, ალბათ იმიტომაც, რომ მშობლებიც ჩართული არიან პროცესში. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ვმუშაობ“.

მეტაქსია შაჰბაზიანი, ისტორიის მასწავლებელი:

„ახლა უკვე ყველაფერი მოწესრიგებულად მიმდინარეობს, რადგან გადალახულია ის პრობლემები, რაც თავიდან არსებობდა. შედგენილი მაქვს კალენდარი, ვასწორებ დავალებებს და უკან ვუგზავნი ბავშვებს და გეგმის მიხედვით მიდის პროცესი. მოსწავლეებს საგნისადმი საკმაოდ გამორჩეული ინტერესი აქვთ“.

არაკელ კლოიანი, გეოგრაფიის მასწავლებელი:

„გულწრფელად რომ გითხრათ, დისტანციურ სწავლებას არადისტანციური მირჩევნია. ამ დროს მოსწავლეებთან უშუალოდ გაქვს შეხება და უფრო კარგად ატარებ გაკვეთილს. ჩემ საგანში ინტერნეტრესურების მხრივ პრობლემა არ არის,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეალური გაკვეთილები უმჯობესია. იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში დავუბრუნდებით სკოლებს და ტრადიციულად მოგვიწევს ჩვენი საქმის კეთება“.  

ლიუბა ბულუდიანი – იგი 13 წელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყო, ახლა კი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია და ამავე დროს სკოლის ბუღალტერიცაა:

„ონლაინ სწავლება ჩემთვის არა, მაგრამ მოსწავლეებისთვის წარმოადგენს სირთულეს, რადგან ლაბორატორიული პროგრამა არ გვაქვს. ამ საგანში მასწავლებელი მოსწავლეების გვერდით უნდა იყოს. საგნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დისტანციურ და რეალურ სწავლებას შორის სხვაობა დიდია, მით უფრო, როცა ვიდეო გაკვეთილის ჩატარების კუთხითაც იჩენს ხოლმე თავს პრობლემა, ეს უფრო ტექნიკური საკითხია. მასწავლებელი არის მოდელი მოსწავლისთვის. მოსწავლეები ხომ ერთნაირები არ არიან და მათთან სიტყვიერი ურთიერთობების გარდა, გარკვეული ჟესტიკულაციაც გვჭირდება, რაც ონლაინ სწავლებისას არ არის შესაძლებელი. როცა სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი, ხშირად ვსაუბრობდით სოფლის პრობლემებზე, ვაწყობდით გარკვეულ ღონისძიებებს.  მაგალითად, 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა და წელს, სამწუხაროდ, არ მოხერხდება ჩვენ სოფელში რაიმე ღონისძიების ჩატარება. როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ვიტყოდი, რომ სოციალური ურთიერთობა მთავარია“.