საქართველო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ზომები გამკაცრდეს – ლენტეხის მერი

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ცნობილია ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მისი თქმით, მამაკაცს ახალი კორონავირუსის დისგან გადაედო, ამ დროისთვის კი, ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

როგორც ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, აღნიშნული შემთხვევის გამო შესაძლებელია, ლენტეხში ზომები გამკაცრდეს.

„მამაკაცი ლენტეხის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და დღეს საღამოს მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმა აღენიშნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. საკმაოდ ბევრია კონტაქტები, 50-ზე მეტი ამ ეტაპზე. პაციენტი ქუთაისის ან თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ.

ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი რომელიღაც ბანკში მუშაობს (სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ამბავია). ასევე „ცხელების ცენტრშია“ გადაყვანილი დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,- განაცხადა ლენტეხის მერმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

ქუთაისის ლაბორატორიაში ოთხშაბათს, 45 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა.

„პირველი არხის“ ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტის მეუღლესა და სიძეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა. „კოვიდ 19“ გამოუვლინდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული.