საქართველო

ლევან ყიფიანმა მოყვა, როგორ სთხოვა ზაზა ოქუაშვილმა მას დახმარება „ერთობლივი მაკომპრომიტირებელი ჩანაწერების“ გაკეთებაში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნამდვილად ავთენტურია, თუმცა აღნიშნა, რომ ის დამონტაჟებული სახითაა გავრცელებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა დეტალები, თუ როგორ სთხოვა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მას დახმარება ფარული, „ერთობლივი მაკომპრომიტირებელი ჩანაწერების“ გაკეთებაში, რათა ფინანსური ვალდებულებებისაგან დაეღწია თავი, როგორც მის უცხოელ პარტნიორებთან, ისე საქართველოშიც და ამავე დროს, არწმუნებდა, რომ მისთვის ამ საქმეში ხელშეწყობის სანაცვლოდ, თავადაც მიიღებდა იმ დავალიანებას, რაც ბიზნესმენს მასთან გააჩნდა.

„ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში… ბოლო შეხვედრისას მან დამიხატა ესეთი სურათი. რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან, წნეხს განიცდის საქართველოში ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით, ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ესეთი სცენარი, რომ ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომიტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარედგინა… იგი მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, რომ ის უნდა წასულიყო უცხოეთში, იმისთვის, რომ დაერწმუნებინა, რომ მე, ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავალობა, უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი, იგი დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანების, რომელიც მას გააჩნდა აგრეთვე თავის უცხოელ პარტნიორებთან, იგი ამ ვალდებულებების გადავადებას მოახერხებდა და შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც და ამის გამო მომელაპარაკა. რაღაცა პრობლემა იყო ჩვენს შორის და მე მას, ამას თავისი პარტნიორები და დირექტორებიც დაადასტურებენ, რომ მე ვთხოვდი მას და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და მე მას ვახსენებდი, რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა და სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების და ხაზგასმით, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ, იგი [ოქუაშვილი] მიყვება, რომ ის პრობლემები, რომელიც მას წარმოექმნა და მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს იყო, არ ვიცი, ჩემი მხრიდან მიამიტობის სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი მისი, ბოლომდე გვერდზე მდგომი, მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი თურმე, ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, ის ჩანაწერებიც კი დამონტაჟებულია“, განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ყიფიანმა ასევე დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არ იცის, თუ სად წავიდა ეს მილიონები.

„მე ბანკში ვიმყოფებოდი, და ეს რატომ არის გასაკვირი? თანხის გატანა მოხდა და თანხის გატანა მოხდა „ბე-ემ-ვე“-ს ოფისში თუ სად წავიდა ეს ფული, ეს ჩემთვის უცნობია“, თქვა ყიფიანმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„რა თქმა უნდა, ოთარ ფარცხალაძეს მე ვიცნობ. მაქვს ნორმალური ურთიერთობა. ეს [შენიშვნა: სარდაფში მისთვის შეურაცხყოფის მიყენება] არის ფარსი. ეს არის, არ ვიცი, რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი… ასეთი რამე არ ყოფილა“, აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

guardian.ge