საქართველო

ლევან იზორია საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა. მინისტრმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე, ტერიტორიულ თავდაცვაზე და თანამედროვე გლობალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

ლევან იზროიასთან ერთად, სესიაზე მომხსენებლად შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი ანდრეა ტომპსონი მონაწილეობდა. მან აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ ადასტურებს.

სესია „გლობალური უსაფრთხოება“ კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები აშშ-დან და ევროპიდან დაესწრნენ.

სესიის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარ მრჩეველთან ანდრეა ტომპსონთან, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.