საქართველო

ლევან იზორია: კიდევ ერთხელ გაცხადდა ნატოს ურყევი ნება, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ნატო-ს სრულფასოვან წევრობას

„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ -ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა.სემინარზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„კიდევ ერთხელ გაცხადდა ნატოს ურყევი ნება, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური ელიტის ურყევ ნებას, გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ეხმარება. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრებიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

სემინარის მთავარი იდეა მონაწილე მხარეების მიერ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევების ურთიერთგაზიარება, უსაფრთხოების საკითხების განხილვა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული ზედამხედველობის დაფუძნება წარმოადგენს. „როუზ-როს”-ის სემინარი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.