საქართველო

ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული როლი საქართველოსთან მიმართებაში ხაზგასმით აღნიშნა და ჯორჯ კენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქრთველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრეს. ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზეც (GDRP) გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ლევან იზორიამ და ჯორჯ კენტმა საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებაზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო სწავლებების კუთხით, აშშ-ის ევროპული სარდლობის განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.