საქართველო

ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში თებერვლის თვეში 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარ-თებერვალში ჯამში 16.3%-იანი ზრდა აღინიშნება, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.6%-ით აღემატება.

ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შეაფასა “საქსტატის” მონაცემები და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებული იქნას მატების ტენდენცია და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნას მიღწეული.

„ჩვენ გვქონდა განსაკუთრებით მაღალი ექსპორტი იანვარ-თებერვალში – ის 54.5%-ით გაიზარდა და 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულადი გზავნილები – მან 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 13%-ზე მეტით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.