საქართველო

ლევან დავითაშვილი ბრუსელის მუნდიალის სპირტიანი სასმელების კონკურსის დირექტორს, ტიერი ჰენსს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრუსელის მუნდიალის სპირტიანი სასმელების კონკურსის დირექტორს (Spirits Selection By Concours Mondial de Bruxelles), ტიერი ჰენსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა 2021 წელს საერთაშორისო კონკურის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო კონკურსში მონაწილოებას 23 ქვეყანა და 96 საერთაშორისო მსაჯი მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას არამარტო როგორც ღვინის, არამედ სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქვეყნის კუთხით.

ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი ყოველ წელს, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მისი მთავარი მიზანი ახალი ალკოჰოლური პროდუქტების აღმოჩენა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ვიზიტის ფარგლებში ტიერი ჰენსი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს დაათვალიერებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.