საქართველო

„კულტრულის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 11 კონკურსის 112 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 15 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ჩატარდება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული 11 კონკურსიდან 112 გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე განხორციელდება.

სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულ პროექტებთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა. პრესკონფერენციას საკონკურსო კომისიების წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტების ავტორები ესწრებოდნენ.

თბილისსა და რეგიონებში თეატრის, მუსიკის, სახვითი და კინოს მიმართულებით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. კულტურული აქტივობები მოიცავს ახალი სპექტაკლების დადგმას, ახალი წიგნ-ალბომების გამოცემას, მუსიკალური საღამოების მოწყობას, ფესტივალების გამართვას, სოციალური და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას და სხვა.

აღსანიშნავნია, რომ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში 112 ორგანიზაცია დაფინანსდება და 1200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

გამარჯვებული პროექტები შემდეგ კონკურსებში გამოვლინდა: ,,კონკურსი ,,მაღალმთიანი რეგიონებისთვკის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა“, კონკურსი „ხელოვნება განათლებისთვის – მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში”, კონკურსი ,,უსაზღვრო შესაძლებლობები“- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა“, კონკურსი ,,ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე – დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა“, კონკურსი ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“, კონკურსი „ახალი ქართული წიგნი“, კონკურსი „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“, კონკურსი „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“, კონკურსი „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“, ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურსი” და სხვა.

ინფორმაცია სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ პერიოდულად განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზე.