მსოფლიოს ახალი ამბები

კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ბოინგ737“-ის ჩამოვარდნის შედეგად 110 ადამიანია დაღუპული

კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პარასკევს ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი 1979 წელს დამზადებული „ბოინგ737“-ის ჩამოვარდნის შედეგად 113 ადამიანიდან დაღუპულია 110 და მხოლოდ სამი მოქალაქე გადაურჩა სიკვდილს.

1989 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფის გამო, კუბაში ორდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.

ოფიციოზის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 15 ადამიანია იდენტიფიცირებული და ნაპოვნია ერთი შავი ყუთი.

კუბის ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთაგან 99 მგზავრი კუბელია, სამი უცხოელი ტურისტი – ორი არგენტინელი და ერთი მექსიკელი – და ორი კუბის საჰრავის მცხოვრები.

ეკიპაჟის 6 წევრი კი, რომელნიც ასევე ემსხვერპლნენ ავიაკატასტროფას, მექსიკელები იყვნენ.

კატასტროფას სამი კუბელი ქალი გადაურჩა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, განაცხადა იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, სადაც გადარჩენილი ქალბატონები არიან მოთავსებული.

კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჰავანას საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, პარასკევს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ეროვნული ავიახაზების, „Cubana de Aviacon“-ის ბოინგი შიდა რეისს ასრულებდა და ჰავანადან კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰოლგუინში მიფრინავდა. თვითმფრინავის ფრენის პერიოდად 1 საათი და 20 წუთი იყო განსაზღვრული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფერმაში ჩამოვარდა და ის ძლიერ დაზიანებული და დამწვარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

შემთხვევის ადგილას კუბის მთავრობის ოფიციალური პირები მივიდნენ, მათ შორის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი.

ჰავანას საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კუბის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 9 მილის დაშორებით მდებარეობს, ყოველწლიურად თითქმის 6 მილიონ მგზავრს იღებს.