საქართველო

კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციასთან.

მან თქვა, რომ მის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება შეთანხმების თაობაზე არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო და თანხმობა იყო მხოლოდ საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, განაცხადა დანიელსონმა.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ კომპრომისი სიძლიერეა და ევროპულ მისწრაფებას სჭირდება დათმობა, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, მაგრამ დაამატა, რომ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი.

„მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს ამის შესახებ და ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი“, განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი“, განაცხადა დანიელსონმა.