ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია იმართება

მარტში რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩეული 65 წლის ვლადიმერ პუტინი, რომელიც ძალაუფლებაში 18 წლის განმავლობაში ხან პრეზიდენტის, ხან კი პრემიერ მინისტრის პოსტზე იმყოფება, ორშაბათს ფიცს დადებს.

ინაუგურაციის გამართვამდე ორი დღით ადრე, შაბათს, პუტინის წინააღმდეგ მოსკოვსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოსული პროტესტანტები პოლიციამ დაშალა, ოპოზიციის მთავარი ლიდერი ალექსეი ნავალნი კი დააკავა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო AFP იტყობინება, მოსკოვში პუტინის ახლანდელი ინაუგურაცია 2012 წელთან შედარებით მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლებად პომპეზური იყოს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს, რადგან მან 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.

პუტინს ნდობა რუსეთის ამომრჩეველთა 76-ზე მეტმა პროცენტმა გამოუცხადა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს.