საქართველო

კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელას მემორიალთან დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების პატივის მისაგებად მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ.
იუნკერები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იაღლუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.