ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კორუფციული სკანდალის გამო, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციული სკანდალის გამო შაბათს თანამდებობიდან გადადგა.

კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია მთავრობაში შტრახეს „თავისუფლების პარტიასთან“ ერთად იმყოფება, რომლის ლიდერსაც პოსტიდან წასვლა ფარული ვოდეოს გავრცელების გამო მოუწია, სადაც ჩანს, რომ იგი სავარაუდო რუს ინვესტორთან სამთავრობო კონტრაქტებს განიხილავდა.

„მე შევთავაზე ქვეყნის პრეზიდენტს, რომ უახლოეს შესაძლებელ ვადებში ჩატარდეს ახალი არჩევნები“, განაცხადა კურცმა და დაამატა: „გუშინდელი ვიდეოს შემდეგ მე საკმაოდ გულწრფელად უნდა ვთქვა: საკმარისია, ყველაფერს საზღვარი აქვს“.

„ამ ვიდეოს სერიოზული ნაწილი ამჟღავნებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, გადასახადების გადამხდელთა ფულისა და ამ ქვეყნაში მედიისადმი დამოკიდებულებას“, აღნიშნა კურცმა და დასძინა, რომ ვიდეოში იგი პერსონალურად არის შეურაცხყოფილი.

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ დერ ბელენმა განაცხადა, რომ შტრახეს გადადგომის შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს. მან თქვა, რომ ესაუბრა კურცს და შემდგომი ნაბიჯების შესახებ კვირას იმსჯელებენ.

კურცის ოფისის გარეთ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

რა უძღოდა წინ შტრახეს გადადგომას?

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც 17 მაისს ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა.

ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე სავარაუდოდ რუს ინვესტორთან პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ სამთავრობო კონტრაქტებს განიხილავდა.

შტრახემ განაცხდა, რომ მას თანამდებობაზე ტრანსპორტის მინისტრი ნორბერტ ჰოფერი შეცვლის.

მან თქვა, რომ მისი ქმედებები „სულელური“ და „უპასუხისმგებლო“ იყო და თანამდებობას ტოვებდა, რადგან თავიდან აეცილებინა მთავრობისთვის შემდგომი ზიანის მიყენება.

შტრახე ამტკიცებდა, რომ იგი „პოლიტიკური თავდასხმის გამიზნულად შერჩეული მსხვერპლი“ აღმოჩნდა.

რეპუტაციის შემლახველი ვიდეო, რომელზეც შტრახეა აღბეჭდილი, 2017 წელს ესპანეთის კუნძულ იბიცაზე იქნა გადაღებული, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე იგი მთავრობაში მოვიდოდა.

ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდა „Der Spiegel“-ისა და ყოველდღიური „Süddeutsche Zeitung“-ის მიერ. უცნობია თუ ვინ დაგეგმა შეხვედრა და ვინ გადაიღო ის.

ფარულად გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე და ჯოან გუდენუსი – ასევე „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსი – ესაუბრებიან ქალს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოლიგარქის ძმისშვილია. მან ავსტრიელ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ავსტრიაში ინვესტიციის ჩადებას აპირებდა.

ორივე პოლიტიკოსი დივანზეა კომფრტულად მოკალათებული, სვამს და სიგარეტს ეწევა.

რუსი ოლიგარქის უახლოესი ნათესავი ქალი მათ სთავაზობს, რომ ავსტრიულ გაზეთ „Kronen-Zeitung“-ის 50%-იან წილს იყიდის და ამ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკას „თავისუფლების პარტიის“ სასარგებლოდ შეცვლის.

შტრახე ასახელებს რამდენიმე ჟურნალისტს, რომელიც გაზეთიდან უნდა იყოს „გაგდებული“.

შტრახე ასევე ჰპირდება რუს ქალბატონს, რომ მას სამთავრობო კონტრაქტები გაუფორმდება.

guardian.ge