მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

კორუფციაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კორუფციაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ სასჯელის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს 12 წლით პატიმრობა ემუქრება, თუმცა ლულა, მიიჩნევს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისაგან ჩამოცილებას ისახავს მიზნად. წინასწარი გამოკითხვებით, იგი კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა.

72 წლის ლულას დაპატიმრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შორის 6-5-ზე გადანაწილდა, თუმცა როგორც BBC იუწყება, იგი მოკლე პერიოდი, სანამ მის დაპატიმრებაზე დოკუმენტების შედგენა დასრულდება, მოსალოდნელია, რომ თავისუფლებაზე დარჩეს.

ლულა ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2011 წლებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოკითხვებით იგი ლიდერია, როგორც BBC წერს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრაზილიაში მაინც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

დაახლოებით 20 000 ადამიანი იყო გამოსული სამშაბათს სან პაულუს ქუჩებში და მოითხოვდა მის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას, მაშინ როცა ლულას მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ყოფილ პრეზიდენტს თანადგომას უცხადებდა.