საქართველო

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია

“ჩვენს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდით არის 25 პაციენტი, 4 პაციენტი 18 წლამდე პირია, სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც პერსონალთან პირადი შეხება ჰქონდათ. არ გვეკარებოდა ამ დროს პოლიცია, თუმცა მე მათიც მესმის, ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაინფიცირდა ჩვენი სამი მედპერსონალი. 

მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ მაღალი ტემპერატურა აქვთ. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა ეს ახალი შემთხვევები.

ჩვენი ბოქსირებული კლინიკის მედპერსონალი განსწავლულია, როგორ უნდა მოიწყონ თვითიზოლაცია. ახლა მოდუნების დრო არ არის.

ვინაიდან ნაკადების იზოლირება ხდებოდა, მედპერსონალის გადადების შანსები ძალიან მცირეა. ეს სამი დაინფიცირებული ერთი ცვლის მედპერსონალია,”- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.