საქართველო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში – 13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისივე განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. გვყავს მძიმე პაციენტებიც, ასევე ინფიცირებულები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე პაციენტი არ გვყავს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.