აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კომუნისტურ ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონს შეადგენს, კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვირუსის აფეთქების შემდეგ გამოითქმებოდა პროგნოზები, რომ რეგიონის ქვეყნები, რომელსაც ჩინელი ვიზიტორების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავდა, მათ შორის იქნებოდნენ, რომელთაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დააზარალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონზე მეტს შეადგენს, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი.

როგორც BBC წერს, „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელობამ საფრთხე ძალიან ადრეულ ეტაპზე გააცნობიერა და იანვრის ბოლოდან ვირუსთან ბრძოლა მძლავრი, ვიეტნამისა და აშშ-ის ომის პერიოდის მსგავსი პროპაგანდით დაიწყო. ქვეყანამ ასევე ულმობელი ზომები გაატარა კარანტინთან დაკავშირებით და მთელი რაიონები მოაქცია კარანტინში, სადაც კი ვირუსი გამოვლინდა. ქვეყანას აქვს შეზღუდული ჯანდაცვის რესურსები და არ გააჩნია მოწინავე ეკონომიკების, მაგალითად სამხრეთ კორეის მსგავსი ტესტირების უნარი, მაგრამ ვიეტნამმა „კოვიდ-19“ შეკავების თვალსაზრისით წარმატებას ინტეგრირებული სახელმწიფო აპარატის ეფექტურად გამოყენებით მიაღწია.

ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 13 იანვარს ტაილანდში გამოვლინდა და მას შემდეგ იქ „კოვიდ-19“-ით  ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,000-ზე ნაკლები, სიკვდილიანობამ კი 49 შეადგინა. არც ტაილანდს აქვს ტესტირებების მასობრივად  ჩატარების საშუალება. იანვრის შემდეგ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 70 მილიონს აღწევს, მხოლოდ 140,000 ტესტირებაა განხორციელებული. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მასობრივი ტესტირება ძალზე ძვირი იქნებოდა. ტაილანდმაც ძალიან ადრეულ ეტაპზე მიიღო ზომები სახის ნიღბების ტარების და სხვა მიმართულებით. მან შეძლო იდენტიფიცირებული შემთხვევების კონტაქტების კვალის მიგნება და მათი იზოლირება. ტაილანდმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის 1 მილიონი მოხალისის ქსელის შექმნაც მოახერხა.

სხვა სურათია ინდონეზიაში, სადაც შეზღუდვის ზომები მინიმალურია, ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, თუმცა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 270 მილიონამდეა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპის წამყვან ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით გაცილებით უკეთესი სურათია. ინდონეზიას ამ დროისთვის  7,418 ინფიცრებული და 635 გარდაცვლილი ჰყავს.

მიანმარში (ბირმა), რომლის მოსახლეობაც 54 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის მხოლოდ 121 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 5 პაციენტი. ქვეყანა მოკლებულია ტესტირების შესაძლებლობას და დღეში მხოლოდ 300 ტესტი ტარდება.

ჯანდაცვის ექსპერტები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ იმის თაობაზე თუ რატომ არის კორონავირუსის გავრცელების მხრივ ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და სხვა ფაქტორებთან ერთად, არის თუ არა ეს სოციალური ქცევის შედეგიც.

GUARDIAN.GE