საქართველო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევის გამო, 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″, „ტელეიმედი”, „იბერია TV” და „ტელეკომპანია კავკასია” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს, კერძოდ, მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არასათანადო/არაეთიკური რეკლამა გაუშვეს.

„ტელეკომპანია კავკასიამ” და „ტელეიმედმა” ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელისშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშეშლას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის ბადეში კი, ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის ეთერში გასული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ხოლო ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენს არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.