ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

„კომსომოლსკაია პრავდა“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირია მოკლული

რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

როგორც CNN იტყობინება, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“.

CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის HTML კოდი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სტატია გამოქვეყნდა ორშაბათს, მოსკოვის დროით 12:09 საათზე, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ახალმა ამბავმა სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრო, ინფორმაცია განახლდა და რუსი სამხედროების სიკვდილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ცნობა სტატიიდან ამოღებული იღო.

სტატიის განახლების შემდეგ, „კომსომოლსკაია პრავდამ“ მოგვიანებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ადმინისტრატორის ინტერფეისზე წვდომა გატეხეს“ და „ყალბი ჩანართი გაკეთდა პუბლიკაციაში“. მასში აღნიშნულია, რომ „არაზუსტი ინფორმაცია მაშინვე ამოიღეს“, თუმცა როგორც CNN-ის ანალიზმა აჩვენა, განახლება 21 საათის შემდეგ გაკეთდა.

2 მარტის შემდეგ რუსეთს თავისი სამხედრო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობით, გარდაცვლილი რუსი სამხედროების რაოდენობა 498-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით კი, უკრაინაში მიმდინარე ომში 10 000-ამდე რუსი სამხედროა მოკლული.

guardian.ge