საქართველო

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ, საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვა გაიმართა.
სხდომაზე მოხსენებით წარდგა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი, რომელმაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არის უცვლელი, რაც ასევე, ასახულია ჩვენი ქვეყნის მთავარ დოკუმენტში – კონსტიტუციაში, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ჩვენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თანმიმდევრულად ვასრულებთ იმ მიმართულებებს, რაც დაკავშირებული არის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციასთან“, – განაცხადა მომხსენებელმა.