აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის

 ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის. როგორც BBC იუწყება, პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩანდა, რომ მან მდგომარეობა 1990-იანი წლების საშინელ შიმშილობას შეადარა. კიმმა, მოსალოდნელი გაჭირვების იშვიათი აღიარებით, ხუთშაბათს, პარტიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა „აწარმოონ კიდევ ერთი რთული ‘დაუღალავი სვლა’, რათა თუგინდ მცირედით მაინც შეამსუბუქონ ჩრდილო კორეელი ხალხის გასაჭირი“.

„დაუღალავი სვლა/ან ტკივილიანი სვლა“ – ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები ქვეყანაში 1990-იანი წლების გამანადგურებელი შიმშილობის შესახებ საუბრისას იყენებენ. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლამ, ჩრდილოეთ კორეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დატოვა. მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილის შედეგად.

კიმ ჩენ ინმა კვირის დასაწყისშიც გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყანა „ყველაზე საშინელი სიტუაციისა“ და „არაერთი უპრეცედენტო გამოწვევის“ წინაშე დგას, რაც კი ოდესმე ყოფილა.

ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსის პანდემიის გამო, თავისი საზღვრები ჩაკეტილი აქვს. ამით მან ჩინეთთან ვაჭრობა, რაც მისი ეკონომიკის მაცოცხლებელი იყო, ჩიხში შეიყვანა. ამას ემატება ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები, რაც ფხენიანის ბირთვული პროგრამის განვითარებას უკავშირდება. პანდემიის მიუხედავად, კიმ ჩენ ინი ბალისტიკური რაკეტების გამოცდას არ წყვეტს.

GUARDIAN.GE