აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი: „21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას აჩერებს“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ყველა სარაკეტო გამოცდა შეაჩერა. ქვეყნის უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით, ასევე, დაიხურება ბირთვული გამოცდის ადგილიც. ამიერიდან, კომუნისტური სახელმწიფოსთვის ახალი სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მიღწევა იქნება.

„21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა აჩერებს ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

KCNA-ის ცნობით, კიმმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგანაც მან მიაღწია თავის მიზანს, გამხდარიყო ბირთვული სახელმწიფო და შემდგომი გამოცდები აღარ არის საჭირო.

ბირთვული და სარაკეტო გამოცდების შეჩერების გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადდა. კიმმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება „დიდ გამარჯვებად“ უნდა იყოს აღქმული.

„იმდენად, რამდენადაც ბირთვული შეიარაღება სახეზეა, უკვე აღარ არის საჭირო უფრო მეტი ბირთვული თუ საშუალო და შორ მანძილზე მიმავალი რაკეტების ან კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდები. ჩრდილოეთის ბირთვული გამოცდის ადგილმა თავისი მისია დაასრულა,

„მთელმა პარტიამ და მთელმა სახელმწიფომ ახლა ფოკუისრება უნდა მოახდინოს ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის პარტიის ახალი სტრატეგიული პოლიტიკის ხაზი“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა, როგორც ამას KCNA იტყობინება, და დაამატა:

„კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში დათბობის ახალმა კლიმატმა და მშვიდობამ დაისადგურა და საერთაშორისო პოლიტიკურ ლანდშაფტში დრამატული ცვლილებები ხდება“.

მოულოდნელი განცხადება იმ დროს გაკეთდა, როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებთან ისტორიული მოლპარაკებებისთვის ემზადება.

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს მომავალ კვირას, ხოლო დონალდ ტრამპს კი ივნისში შეხვდება.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშრე სამხრეთ კორეა, რომლებიც ფხენიანს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდებდნენ, გავრცელებულ ახალ ამბავს დადებითად შეხვდნენ.

„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი ჩრდილოეთ კორეისთვის და მსოფლიოსთვის – დიდი პროგრესია!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ ფხენიანის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ფხენიანის ნაბიჯს „მნიშვნელოვანი პროგრესი“ უწოდა.

„ეს ასევე წვლილს შეიტანს მომავალი სამხრეთ-ჩრდილოეთის სამიტისა და ჩრდილოეთ-შეერთებული შტატების სამიტის ძალიან პოზიტიური გარემოს წარმატების საქმეში“, ნათქვამია მუნის ოფისის განცხადებაში.

ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი მისი დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ნაყოფიერი არ იქნება, იგი „დატოვებს“ მას.

ჩრდილოეთ კორეის 2017 წლის მთავარი სარაკეტო გამოცდები

ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა განახორციელა. ზოგიერთი გამოცდისას რაკეტები გაშვებიდან მალევე აფეთქდა, მაგრამ სხვებმა ასეულობით მილი გაიარეს, სანამ ზღვაში დაეშვებოდნენ. დაბლა ზოგიერთი მათგანის გაშვების შესახებ ინფორმაციაა მოცემული:

12 თებერვალი, 2017 წელი – საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იქნა გაშვებული ჩრდილოეთ კორეის დაავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბანგიონის საჰაერო ბაზიდან. მან აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 500კმ იფრინა.

4 ივლისი, 2017 წელი – ფხენიანის მტკიცებით, მან პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ოფიციოზმა განაცხადა, რომ რაკეტამ 2,802 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთი იფრინა.

29 აგვისტო, 2017 წელი – ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბირთვული ქობინების გადამტანი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ფხენიანიდან გაშვებულმა ამ რაკეტამ დაახლოებით, 550კმ სიმაღლეს მიაღწია.

15 სექტემბერი, 2017 – ბალისტიკური რაკეტა უკვე მეორედ იქნა გაშვებული იაპონიის გასწვრივ და ის ზღვაში ჰოკაიდოს სანაპიროსთან დაეშვა. იგი დაახლოებით 770 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა და 3 700 კმ მანძილზე იფრინა.

29 ნოემბერი, 2017 წელი – ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო მისწვდენოდა მთელ კონტინენტურ ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ჰვასონგ-15“ იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ ყველაზე მაღლა იფრინა რაც კი ოდესმე მანამდე გაშვებულ ჩრდილოკორეულ რაკეტებს უფრენიათ.

რა რაკეტები აქვს ჩრდილოეთ კორეას?

 (სავარაუდო მანძილი კილომეტრებში – (ათასი))

 

 

(BBC-ის დიაგრამაზე მოცემული 6 რაკეტიდან – პირველი ოთხის გამოცდა უკვე მოხდა, ხოლო ბოლო ორი რაკეტა განვითარების გზაზეა).