ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კიევში საცხოვრებელი კორპუსი და ანტონოვის თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს

დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და სამმა დაზიანება მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ტელევიზია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით კი, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაბომბვის შემდეგ, ორი ცხედარია ნაპოვნი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ცეცხლშია გახვეული, მეხანძრეები კი კიბეებს იყენებენ მისი მცხოვრებლების გადასარჩენად.

ამასობაში, უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რუსების მიერ კიევის ჩრდილოეთით მდებარე ანტონოვის აეროპორტის დაბომბვის შესახებ.

ანტონოვი, რომელიც ჰოსტომელის სახელითაც არის ცნობილი, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი და ასევე მთავარი სამხედრო ავიაბაზაა.

თუმცა მოგვიანებით, ქალაქ კიევის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა ანტონოვის თვითმფრინავის „ქარხანა“ და არა ანტონოვის აეროპორტი.

ანტონოვის თვითმფრინავების მწარმოებელი ობიექტი მდებარეობს სვიატოშინის აეროდრომზე, კიევის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

guardian.ge