აზია, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად

კიდევ ერთი ექიმი, მეი ჟოძმიძი გარდაიცვალა ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად, იტყობინება BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე – The Global Times -ზე დაყრდნობით.

მანამდე ინფექციით, ჩინელი ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, გარდაიცვალა.

ლი ვენლიანძი ვუხანის ცენტრალურ კლინიკაში ოფთალმოლოგად მუშაობდა. მან 30 დეკემბერს თავისი კოლეგა მედიკოსები ვირუსის საფრთხის შესახებ პირველმა გააფრთხილა, რის შემდეგაც მას პოლიცია ესტუმრა და გაჩერება მოსთხოვა, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ეს ახალი ამბავი კონფიდენციალურად დარჩენილიყო.

ამასობაში, კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის შტატში და საერთო ჯამში იქ დაღუპულთა რაოდენობამ 6 შეადგინა.

5 ადამიანი გარდაიცვალა კინგის ოლქში, რომლის მთავარი ქალაქი სიეტლია.

შაბათ-კვირას ვაშინგტონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მკვლევარებმა, რომლებიც ვაშინგტონის შტატში პირველ ორ სიკვდილს იკვლევდნენ, განაცხადეს, რომ ვირუსი შესაძლოა აქ კვირების განმავლობაში ვრცელდებოდეს და მათი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა 1 500-ამდე იყოს.

როგორც BBC ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები იყვნენ.

კინგის ოლქი სასტუმროს ყიდვას აპირებს, სადაც რეგიონში პაციენტების მზარდი რაოდენობის იზოლირებას მოახდენს. სიეტლის მიმდებარედ კიდევ უფრო მეტი სკოლა დაიკეტა ორშაბათს.

კინგის ოლქისა და სიეტლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მთავარმა ოფიცერმა, ჯეფ დაჩინმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სკოლების უფრო ფართო მასშტაბით დახურვა არ იგეგმება და არც მთავარი ღონისძიებები გაუქმდება, მაგრამ მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება და ისინი „მდგომარეობას უკიდურესად სერიოზულად“ მიიჩნევენ.

შაბათ-კვირას კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა ზრდამ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეშფოთება გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადებულთაგან ზოგიერთმა ვირუსი სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შედეგად შეიტანა ქვეყანაში, ზოგს კი ვირუსი ადგილზე, აშშ-ის შიგნით შეეყარა.

კანადამ, ყველას ვინც კი ირანიდან შედის ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, აღენიშნებათ თუ არა გაციების რაიმე სიმპტომები, სთხოვა თავიანთ სახლებში 14-დღიანი თვითიზოლაცია გამოაცხადონ. იგივე პროტოკოლი მოქმედებს ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან კანადაში შესულ მგზავრებზე.

ირანი, იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, ერთ-ერთი ცხელი წერტილია მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს. ოფიციალური მონაცემებით, იქ უკვე 1 500-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 66-ს შეადგენს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის (3 მარტი 2020 წელი) 3 000-ს გადააჭარბა. უმეტესობა დღემდე უცნობ ინფექციას ჩინეთში ემსხვერპლა, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში, სადაც გასული წლის ბოლოს ამ ახალმა ვირუსმა იფეთქა, მაგრამ, როგორც ამას BBC იუწყება, ახლა კორონავირუსის გამოვლენის გაცილებით მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება ჩინეთის გარეთ, ვიდრე შიგნით.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა, იტალიაა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ ორშაბათს 34-დან 52-ს მაიღწია.

ცოტა ხნის იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 83 წლის რომის პაპს ახალი კორონავირუსის ტესტირებისას ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა.

ფრანცისკემ, რამდენიმე დღის წინათ, თავისი პაპობის შემდეგ პირველად გააუქმა დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილი წირვა, რადგან იგი გაციებული იყო. მან გასულ კვირას ასევე შეხვედრების უმეტესობაც გააუქმა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ