საქართველო

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუშეთის ახალი გზა, კახეთის აეროპორტი და რკინიგზა რეგიონის მომავალი განვითარების საწინდარი იქნება

კახეთში მყოფმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა რეგიონის სამომავლო განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება ახალი გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს, და აღნიშნა, რომ „კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი“. მისივე თქმით, ამასთან, უნდა აღდგეს არსებული რკინიგზაც.

„რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამციროთ საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში. ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.

ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სასტუმრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო. ეს არის იმ ძალიან დიდი წარმატების ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება. ეს წარმატება ნამდვილად მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ ჩამოვალთ აქ, ვნახავთ ბავშვებს ხვალინდელი დღის იმედით გაბრწყინებული თვალებით, ვნახავთ წელში გამართულ ქართველ გლეხს, ფერმერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ გაბრწყინებულ საქართველოს, ამ ულამაზესი ღვთისგან ბოძებული ბუნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“-ს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ამ სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ – პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით. ამ პარტნიორობით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო-კომპლექსი, დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას, ალაზნის ველის და ფაფრის მინდვრების მიკრო-ზონაში, ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია“, განაცხადა კვირიკაშვილმა.