საქართველო

კახა კალაძის განცხადებით თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და ამ მხრივ, ცვლილებები იგეგმება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს და შესაბამისად გვაქვს კონკრეტული პროექტები დაგეგმილი, რომელიც უნდა განხორციელდეს. წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი და ერთი საათი და უფრო მეტი უწევთ ადამიანებს ლოდინი, სანამ ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ყველა რაიონშია, სამწუხაროდ, ასეთი ქუჩები და როდესაც ჩვენ შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, მთლიანად, მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება ეს პრობლემა მოგვარებული…. დამატებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სამარშრუტო ხაზებისა და ავტობუსების დამატებით”, განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.