საქართველო

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩავიდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩავიდა „ქართული ოცნების“  გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს და იქნება საქართველოს პირველი ზეპარტიული, მიუკერძოებელი და ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იწყებს საარჩევნო კამპანიას. მე დღეს მინდა მოგახსენოთ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხედვები და დამოკიდებულება ამ არჩევნებთან მიმართებაში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მისიაა დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება ქვეყანაში, ჩვენ ვართ ის გუნდი, ის პარტია, რომელიც ზრუნავს არა თავის კომფორტზე და ხელისუფლების გამყარებაზე, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღეზე და დემოკრატიის პროცესზე. ჩვენს გუნდს ხალხისგან მინიჭებული აქვს მაღალი ნდობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე პარტია „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი უმრავლესობით. ბუნებრივია, ასეთი ლეგიტიმაციის პირობებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და მმართველობის პროცესში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი. ეს არის ის ძირითადი მოტივი და პრინციპები, რის გამოც პარტია „ქართულმა ოცნებამ“  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგინა თავისი კანდიდატი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ხმა მისცეს ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს, რომელიც გაატარებს არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის სასიკეთო ინტერესებს, ასეთ კანდიდატად ჩვენს პარტიას სალომე ზურაბიშვილი ესახება. მას ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ პრეზიდენტად და ასევე პირველ ქალ პრეზიდენტად.

ჩვენს პარტიას, ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ მიუკერძოებელი კანდიდატის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის როლის სწორად გააზრებას, სწორი ტრადიციის დამკვიდრებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ზრუნავს არა საკუთარ, არამედ ხალხის ინტერესებზე და ისინიც ამას ძალიან კარგად ხედავენ და გრძნობს, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, გაიმარჯვებს საქართველო.

ქალბატონო სალომე, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ“, განაცხადა კახა კალაძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სიტყვით გამოსვლისას.