საქართველო

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადებას ეხმაურება: „ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით“

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება.

კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, მასსა და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას აქვს ადგილი, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

„სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია – შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით. ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა.

ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი“, განაცხადა კახა კალაძემ.