საქართველო

კახა კალაძე: რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ის აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის – ეს ყველაფერი კი, გადმოებრალებინა ჩვენთვის

მინდა გამოვეხმაურო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი თანამშრომლების და პირდად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს, თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველზე პროტესტის გამოთქმის უფლება შეუზღუდა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, საკითხის იმდაგვარად წარმოჩენა, რომ მერიამ შვილმკვდარ მამებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა და „ნაციონალური მოძრაობის” „პარტიულმა ტელევიზიამ” უზრუნველყვეს.

„ჩვენ გავასაჯაროვეთ ყველა მიმოწერა. ნომებრის დასაწყისში, ბატონმა ზაზამ მოგვმართა წერილით, რომ მას ჰქონდა სურვილი 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა აქციები. წერილს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, რომელსაც კანონი გვავალდებულებს. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ სამი დღის განმავლობაში, გაგვეცა პასუხი, რადგან დედაქალაქის მერიას დეკემბრის თვეში – 15 დეკემბრიდან დეკემბრის ბოლომდე დაგეგმილი აქვს საახალწლო ღონისძიებები და ამის გამო, ვალდებულები ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი, რაც ასახული იყო წერილობით და ესეც გავაცანით მოსახლეობას. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ის აზრი – არ ვიცი სად იზრებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა ან მამა – რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის. შემდეგ კი, ეს ყველაფერი გადმოებრალებინა ჩვენთვის. გვახსოვს, როდესაც რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში პირდაპირ საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, არ აძლევენ უფლებას კარვების გაშლის, პროსტესტის გამოხატვის და ა.შ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2″. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, ის სიცრუის პოლიტიკა, რასაც ისინი აწარმოებენ, მათი არჩევანია. ჩვენ ჩვენი არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემაზე და ქვეყნის განვითარებაზეა ორინეტირებული”, განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.