საქართველო

კახა კალაძე: თუ საჭიროა ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება

„ომეგა-ჯგუფის“ საქმის გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის თაობაზე თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს, არც გამომძიებელია და არც ფარცხალაძე ყოფილა ან არის დედაქალაქის მერიის თანამშრომელი, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ფარცხალაძე დაიკითხება.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკითხულნი, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება.

ჩემს პირად პოზიციას რაც შეეხება, საერთოდ, თემას არ ვიცნობ, საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი, 51% მივიღე არჩევნებში და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას. ფარცხალაძეზე ერთადერთი შემიძლია გითხრათ – ის მერიაში არ მუშაობდა და არ მუშაობს“, უთხრა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს.

guardian.ge