საქართველო

კახა კალაძემ მკაცრად გააფრთხილა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თბილისში დაგეგმილ წინასაარჩევნო მანიფესტაციაზე „არეულობისა და დესტაბილიზაციის“ მოწყობის მცდელობას პასუხი გაეცემა

თბილისის მერმა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას რამდენიმე დღეში დაგეგმილი 100 000 კაციანი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, რაზეც მან თანხმობა გასცა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

„25 სექტემბერს დედაქალაქის მერიაში შემოვიდა წერილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 19-20-21 ოქტომბერს 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე, სამი დღის განმავლობაში, თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო მსვლელობას, მანიფესტაციას და შეკრებას და შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა მოცემული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხებას და ითხოვენ გზის გადაკეტვას, ფაქტიურად. რა თქმა უნდა, პირველი უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა, გამოხატვის თავისუფლება და ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს იღონებენ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება იმის საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გზა გადაიკეტება, თუ ამის საჭიროება არ იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს რეალური სიტუაცია მოდელირებული გზით შეცვალონ, და მათ ამის „კარგი გამოცდილება აქვთ“. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ „არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყონ“.

კალაძემ ახსნა, თუ რას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მანიფესტაცია.

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. მე არ ვსაუბრობ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც ხდება რეგიონებში, როდესაც კამპანიის დროს ხდება მივარდნები, მცდელობები, რომ შეხვედრები ჩაიშალოს, ამაზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ. ისინი მთლიანად თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა და იგონებენ სხვადასხვა თემებს. პირველი, ეს დაიწყო იმით, რომ ჰქონდათ მცდელობა რომ ჰქონოდათ მიტინგები, გამოსვლები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩაუვარდათ. შემდეგ შემოიტანეს ახალი თემა. ეს იყო, ომეგას თემა, რომ თითქოს ხელისუფლება ართმევდა ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას და ესეც სასაცილო გახდა ხალხისთვის. ომეგა თავის მფლობელს არ უნდა და ხელისუფლებას რაში სჭირდება. ესეც სასაცილო გახდა და ვერ დაიძაბა ამით სიტუაცია. შემდეგ შემოიტანეს ის, რომ თითქოს ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს და ისიც კი მოიგონეს და თქვეს, რომ ივანიშვილმა სახლში მიიწვიაო, თან ეჭვობდაო, იწერდაო საუბარს და ოთხი მილიონის გამორთმევა ხელით ანიშნაო, თან თვალი ჩაუკრაო და ხელით ანიშნაო, რომ 4 მილიონი გაქვს გადასახდელიო. ნუ ეს ყველაფერი სასაცილოა, რა თქმა უნდა. მე ახლა, ბატონი ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, რომელსაც 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩვენს ქვეყანაში გაკეთებული, რომელიც არის აუდიტორულად დადასტურებული, ეს არის სხვადასხვა მიმართულებით და მე რა თქმა უნდა არ დავიწყებ ახლა ამ ყველაფრის ჩამთვლას, მაგრამ საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ, ყველამ ყველაფერი იცის. შემდეგ იყო, შემოიტანეს სუბელიანის თემა და ისიც მოსახლეობას დაჭრილ-მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. ანუ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არსებული რეალური სიტუაცია ქვეყანაში მოდელირებული გზით შეცვალონ. მათ კარგი გამოცდილება აქვთ ამ მოდელირებული „ქრონიკების“, სამწუხაროდ და საუბედუროდ და ყველაფერი ეს კარგად გვახსოვს, მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს აქციაც, მანიფესტაციაც, იყო მათთვის კულმინაცია, რომ ქვეყანაში დაეძაბათ სიტუაცია, მაქსიმალური მცდელობა, რომ ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში ამ მოდელირებული და შეთითხნილი, არასწორი ჩანაწერებით, მოგონილი ჩანაწერებით, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს და ახლა აქციაზე აქვთ მცდელობა, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია მოაწყონ, შემოიტანონ არეულობა… და იმედია, შესაბიმისი სამსახურები ამასთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულად ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში“, აღნიშნა კალაძემ.

guardian.ge