ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და მისი ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება.

ესპანელმა მოსამართლემ ევროკავშირის მასშტაბით მისი დაპატიმრების ორდერი პარასკევს გამოსცა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ დაბრუნდებოდა ესპანეთში, თუკი მისი სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვის გარანტიას არ მიიღებდა.

პუჩდემონთან ერთად პოლიციას ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი მერიტქსელ სერეტი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანტონი კომინი, კულტურის ყოფილი მინისტრი ლუის პუიგი და განათლების ყოფილი მინისტრი კლარა პონსატი ჩაბარდა. ისინი ბელგიის ფედერალურ პოილიციაში თავიანთ ადვოკატებთან ერთად კვირას, ადგილობრივი დროით 09:17 საათზე მივიდნენ, განაცხადა ბელგიის პროკურატურის წარმომადგენელმა.

მოსამართლეს „24 საათი, ორშაბათს 09:17 საათამდე ექნება დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს დატოვოს ისინი პატიმრობაში, თუ გირაოს სახით გაათავისუფლოს“, აღნიშნა პროკურატორის წარმომადგენელმა.

პუჩდემონი ბელგიაში მას შემდეგ გაიქცა, რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას დაუჭირა მხარი და რის გამოც მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დააწესა.

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული 8 მინისტრის პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს მიიღო.

სახელმწიფო ბრალმდებლებმა ასევე ბელგიაში მყოფი კატალონიის დათხოვნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის და ოთხი სხვა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც სასამართლოზე არ გამოცხადდა, დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვეს.

BBC-ის ცნობით, პროკურორებმა მოსამართლეს რეგიონის 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართეს.

კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ხუთშაბათს მადრიდში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მათ ბრალი აჯანყებაში, ამბოხებისკენ მოწოდებასა და საზოგადოებრივი თანხების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

დაკავებულებს შორის არიან: ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

პროკურორების მოთხოვნით 50 000 ევროს ოდენობის გირაო შეეფარდა ყოფილ ბიზნესის მინისტრს, სანტი ვილას. იგი მანამდე გადადგა, ვიდრე კაპატლონიის პარლამენტი 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დეკლარაციას უყრიდა კენჭს.

1-ლი ოქტომბრის სადავო დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, კატალონიის რეგიონული მთავრობის დათხოვნილი ლიდერები აჯანყების და ამბოხების მოწოდების ბრალდებებით ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარსდგნენ.

როგორც BBC იუწყება, მადრიდში, სასამართლოზე ბრალდების მხარისათვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 2 ნოემბერს 9 ყოფილი ოფიციალური პირი მივიდა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილან კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და ოთხი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელთაც სასამართლოს გამოძახების უწყების იგნორირება მოახდინეს.

GUARDIAN.GE