საქართველო

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელმა ახალი წინადადება წარმოადგინა და დოკუმენტი ყველა მხარეს გადაეცა

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარლ მიშელმა ახალი წინადადება გამოაქვეყნა, რაც მხარეებს გააცნო.

„დღეს, დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე შეერთებული შტატები არსებულ მდგომარეობას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.

ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავიანთი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება. მასში ნათქვამია, რომ თუ პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტზე ნაკლებ ხმებს მოაგროვებს, მაშინ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.