საქართველო

კარლ ჰარცელი: სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში

სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ ევროპა თავად ებრძვის „კოვიდ-19“–ის პანდემიას და ცდილობს მისი მწვავე შედეგების დაძლევას, თუმცა, ის კვლავ პარტნიორების გვერდით დგას.

„ეს თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გაართვას თავი ამ ეკონომიკურად რთულ პერიოდში.

ეს დაფინანსება გრანტის და არა სესხის სახით გამოიყოფა და დაემატება დახმარების იმ პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა; საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ოთხშაბათს, ევროკავშირმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ გამოაცხადა და თავისი რესურსებიდან 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო, რაც საქართველოსთვის გამოყოფილ 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას მოიცავს.