საქართველო

კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე ვიდეომიმართვას ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

„დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. ძალიან დიდი მადლობა საქართველო, ყველაფრისთვის“, – აცხადებს მეტე ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს.