საქართველო

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე. ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები, შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დარჩება დროებით დაკეტილი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში მოხვედრისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზიტი პორტალის – mygov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნონ.

„ახალი პრინციპი არის შემდეგი – იმისთვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება, რომ მოქალაქის პორტალის – mygov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

mygov.ge-ის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება. ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან, შეგიძლიათ დაჯავშნოთ, ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი“,- განაცხადა წულუკიანმა.