მსოფლიოს ახალი ამბები

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 793 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი დაიღუპა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე საშინელი კრიზისია, იტყობინება BBC.

ჯამში, მთელი იტალიის მასშტაბით უკვე 4 825 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 53 500-ზე მეტს შეადგენს, მათგან 6 500 პარასკევის შემდეგ დაემატა.

გაიზარდა გარდაცვალებულთა რაოდენობა ინგლისში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსს 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და სიკვდილიანობის რიცხვმა იქ 220 შეადგინა.

BBC-ის ცნობით, ინგლისში გარდაცვლილი პაციენტების წლოვანება 41-დან 94 წლამდე ასაკობრივ ზღვარში მერყეობს და ყველა მათგანს კორონავირუსის გამოვლენამდე ჯანმრთელობის სხვა თანმდევი პრობლემები გააჩნდა.

უფრო ადრე 2 ახალი გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა უელსმა და ჯამში იქ უკვე 5 პაციენტია გარდაცვლილი.

ერთი ახალი პაციენტის სიკვდილის თაობაზე ამცნო საზოგადოებას შოტლანდიამ, რამაც მსხვერპლის რაოდენობა იქ 7-მდე გაზარდა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსისგან არავინ გარდაცვლილა.

ამასობაში, ჩინეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ქვეყანა იმპორტირებული ინფექციისა და ახალი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შეტანის შემთხვევები, რაც ახალი წუხილის საგანს წარმოადგენს.

ჩინეთში პარასკევს კორონავირუსის 41 ახალი იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 14 პეკინში და 9 შანხაიში და საზღვარგარეთიდან შეტანილი ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 269 შეადგინა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთში ახლა სტუდენტები და ემიგრანტები ბრუნდებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, სადაც გამკაცრებული ზომებია მიღებული ან ახლა შედის ძალაში.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთიდან ჩინეთში შესულ პირებს ადგილობრივებისათვის გადაედოთ დაავადება, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურები მკაცრ ზომებს აწესებენ, რათა ინფექციის აფეთქების მეორე ტალღა არ დაუშვან.

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა – 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს.

აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

GUARDIAN.GE